ვიდეო რგოლი
ვიდეო რგოლის სანახავად საჭიროა Adobe Flash Player-ის ახალი ვერსია.
Get Adobe Flash player
ფოტო გალერეა
სიახლის გამოწერა
სახელი:
ელ.ფოსტა:
ამინდი

ვალუტის კურსი
ისტორიულ გეოგრაფიული ექსკურსი

ხულოს მუნიციპალიტეტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველაზე მაღალმთიანი მუნიციპალიტეტია. იგი განლაგებულია არსიანისა და მესხეთის ქედების კალთებზე, ზღვის დონიდან 400–3007 მეტრის სიმაღლეზე. უმაღლესი წერტილია მთა ყანლი (3007 მეტრი ზღვის დონიდან). ფართობი – 710 კვ.კმ. მოსახლეობა – 35,5 ათასი კაცი (01.01.2010–ის მდგომარეობით). კლიმატი – კონტინენტური, საშუალო წლიური ტემპერატურა – 10,1C°, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა – 1000–1200 მმ.

1917 წლამდე ახლანდელი ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ბათუმის ოკრუგში, 1921–1924 წლებში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბათუმის ოკრუგში. 1924–1930 წლებში ეწოდებოდა ხულას მაზრა, 1930–1940 წლებში – ხულას რაიონი, 1940–2006 წლებში – ხულოს რაიონი, 2006 წლიდან – ხულოს მუნიციპალიტეტი. 1952 წლამდე, ასევე 1962–1965 წლებში ხულოს რაიონის შემადგენლობაში შედიოდა ახლანდელი შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაც.

ხულოს მუნიციპალიტეტი აერთიანებს 1 დაბას, 12  თემსა და 78 სოფელს. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ხულო 1,1 ათასი მცხოვრებით (დაბის სტატუსი – 1964 წლიდან). მანძილი დაბა ხულოდან თბილისამდე – 463 კილომეტრი, ბათუმამდე – 87 კილომეტრი, უახლოეს რკინიგზის სადგურამდე (მახინჯაური) – 91 კილომეტრი.

ხულოს მუნიციპალიტეტი ესაზღვრება თურქეთის რესპუბლიკას (საზღვრის სიგრძე – 20 კმ), შუახევის მუნიციპალიტეტს (საზღვრის სიგრძე – 60,5 კმ), ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს (საზღვრის სიგრძე – 19,5 კმ), ოზურგეთის მუნიციპალიტეტს (საზღვრის სიგრძე – 1 კმ), ადიგენის  მუნიციპალიტეტს (საზღვრის სიგრძე – 28,8 კმ).

ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო მნიშვნელობის გზების სიგრძეა – 52 კმ, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძე – 211 კმ.

ისტორიული წყაროებიდან ცნობილი არ არის, თუ რა დროიდან იხსენიება ხულო, როგორც გეოგრაფიული სახელწოდება, თუმცა „ქართლის ცხოვრებამ“ ერთი მეტად საინტერესო ფაქტი შემოგვინახა. მარიამ ღვთისმშობელს ანდრია პირველწოდებული და სიმონ კანანელი ქრისტიანობის გასავრცელებლად თავის წილხვდომილ ქვეყანაში რომ გამოუგზავნია, თავისი ხატიც გამოუტანებია. ანდრია პირველწოდებულს ხატი დღევანდელ ხულოს მუნიციპალიტეტში შემავალ სოფელ დიდაჭარაში შემოუტარებია.  ეს ამბავი ჩვენი წელთაღრიცხვიდან თითქმის 2000 წელს ითვლის.

ხულოს ძველი სახელწოდება – ხულა „სავაჭრო სახლს“ ნიშნავს. შუა საუკუნეებში აქ გადიოდა სავაჭრო–საქარავნო გზა, რომელიც სამცხე–ჯავახეთს გოდერძის უღელტეხილით აჭარა–შავიზღვისპირეთთან  აკავშირებდა.

ისტორიული აჭარა და განსაკუთრებით მისი მთიანეთი ქართული კულტურისა და ცივილიზაციის ერთ–ერთი აკვანი იყო, რასაც თამარ მეფის დროინდელი და უფრო ადრეული ხანის თაღოვანი ხიდები, ციხე–კოშკები და სხვა ისტორიული მასალები ღაღადებენ.

შოთა რუსთაველის თანამედროვე მწერალი და ვარსკვლავთმრიცხველი ტბელ აბუსერისძე აქაური მიწის შვილია.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძირითადად ორი ნიადაგური ზონაა: მთა–ტყისა და მთა–მდელოს ნიადაგები. მდიდარი და მრავალფეროვანია მცენარეული საფარი. ძირითადად გავრცელებულია ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეები. ფლორის წარმომადგენლებიდან გავრცელებულია სამეფო გვიმრა, უთხოვარი, ქართული ნეკერჩხალი, არმაზის ნარჩიტა, ხარიშუბლა, წაბლი, მუხა, კაკლის ხე, კოლხური ყოჩივარდა, ფურისულა, ვერხვი, თელა და სხვა. მუნიციპალიტეტი მდიდარია ხილით (სხვადასხვა ჯიშის ვაშლი და მსხალი) და სამკურნალო მცენარეებით (ასკილი, მოცვი, ნეგო, ხარიშუბლა, გვირილა,  კატაბალახა და ა.შ).

ფაუნა წარმოდგენილია კავკასიური ირმით, კავკასიური მურა დათვით, ბეგობის არწივით, დურაჯით, კავკასიური შურთხით, მცირეაზიური ტრიტონითა და კავკასიური სალამანდრით.

მუნიციპალიტეტი მდიდარია სხვადასხვა ბუნებრივი რესურსებით: სასარგებლო წიაღისეულით (სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვები, გაქვავებული ხის მარაგი), მინერალური წყლებით (ხიხაძირის წყალი, დანისპარაულის წყალი, საანის წყალი, დიოკნისის წყალი და ა.შ).

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოედინება მდინარეები: აჭარისწყალი, სხალთა, ღორჯომი, დიაკონიძეები. აქ მდებარეობს მწვანე ტბა.

ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს მთის კლიმატური კურორტი ბეშუმი (ზღვის დონიდან 1850–1900 მ), მიმდინარეობს სამთო–სათხილამურო კურორტის მშენებლობა გოდერძის  უღელტეხილზე (2025 მეტრი ზღვის დონიდან).

მატერიალური კულტურის ძეგლებიდან აღსანიშნავია:

  • სხალთის მონასტერი – XII-XIII საუკუნეები, სოფელი ყინჩაური;
  • ხიხანის ციხე – XIII საუკუნე, სოფელი თხილვანა;
  • უჩხოს ქვის თაღოვანი ხიდი – XII საუკუნე, სოფელი უჩხო;
  • ვარდციხე – XI-XII საუკუნეები, სოფელი ხიხაძირი;
  • თხილვანის ეკლესიის ნანგრევები – XIII საუკუნე, სოფელი თხილვანა;
  • ვერნების ნაეკლესიარი – IX-X საუკუნეები, სოფელი ვერნები;
  • კალოთის ეკლესიის ნანგრევები – XI-XIII საუკუნეები, სოფელი კალოთა;
  • თიკინაურის ეკლესიის ნანგრევები – XIII საუკუნე, სოფელი ხიხაძირი;
  • საციხურის ეკლესიის ნანგრევები – XI საუკუნე, სოფელი საციხური;
  • ვანაძეების ეკლესიის ნანგრევები – X–XIII საუკუნე, სოფელი ვანაძეები.

მუნიციპალიტეტის ეკონომიკის ძირითადი დარგია სოფლის მეურნეობა, კერძოდ მეცხოველეობა (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენება) და მემცენარეობა (მებოსტნეობა, კარტოფილის, მარცვლეული კულტურების წარმოება).


«««
ქართული English
ძიება ვებ–გვერდზე
სექტემბერი 2014
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
გამოკითხვა
ჩვენი საიტი...
კარგია
არაუშავს
უკეთესიც შეიძლებოდა
ცუდია
საშინელებაა
     მუნიციპალიტეტის რუქა
         
პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ხულოს მუნიციპალიტეტი 2010 სტუმართა რაოდენობა: